„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის
მიერ რუსეთში საკუთარი აქტივების გასხვისებას საქართველოს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრის კიდევ ერთ მცდელობად აფასებს.
როგორც ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ივანიშვილმა აქტივები არა აგროსამრეწველო კორპორაცია Arco International Group-ს, არამედ კრემლთან დაახლოებულ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გადაუფორმა.
„საუბარი იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა რუსეთში თავის მფლობელობაში არსებული აქტივები გაასხვისა და ამით თითქოს კრემლის გავლენისგან გათავისუფლდა, საქართველოს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი მცდელობაა. კრემლის თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე, რუსეთში მრავალმილიონიანი ქონების გასხვისება შეუძლებელია“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ამის ნათელი დადასტურება რუსი ბიზნესმენის ალექსანდრე ლებედევის საქმეა. ლებედევი რუსეთში არსებულ კორუფციას დაუპირისპირდა, შედეგად კი, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მისი დევნა დაიწყეს.
ჯაფარიძის განცხადებით, საბოლოო ჯამში, როგორც თვითონ ლებედევი აცხადებს, საკუთარ მფლობელობაში არსებული აქტივების რეალიზაციას ვერ ახერხებს, რადგან კრემლისგან ამის ნებართვა არ აქვს.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთში ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება კრემლთან და პირადად, პუტინთან დაახლოებულ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებზე გადაფორმდა, როგორებიცაა - გიორგი გენსი, ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკიანოვი და სხვა, აღარ რჩება ეჭვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიერ კოორდინირებული თამაშის ნაწილია ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საქართველოში - ეს არის კრემლი“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივი გასულ კვირაში გაყიდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, რუსეთში ივანიშვილის კუთვნილი ბოლო, უკვე გაყიდული აქტივი აგროსამრეწველო კორპორაცია Arco International Group- მა შეიძინა, რომლის პრეზიდენტს ფრანჩესკო პიოვანეტს ივანიშვილი დღეს შეხვდა.

















