საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს 12-13 სექტემბერს დამატებითი რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ.
ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დამატებითი რეგისტრაციისთვის საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე უნდა გამოცხადდნენ და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარადგინონ.
„იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და არჩევნების დღეს საქართველოში იქნებიან, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით, სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს უნდა მიმართონ“ - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, ცესკო ამომრჩევლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვრებს გარეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

















