რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების
უზრუნველყოფა ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსკოვში საარჩევნო უბნის გახსნა და ტექნიკურად დაცულ და უსაფრთხო პირობებში საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა ძალიან რთულია.
„იმის გამო, რომ ჩვენი სექცია ჯერ კიდევ გაუმართავად ფუნქციონირებს, ვერ შევძლებთ ტექნიკური დახმარების აღმოჩენას. ასევე, შეზღუდული ვართ იმ ბერკეტებში, რაც გულისხმობს შუამდგომლობას ვიზების მისაღებად, რაც აუცილებელი იქნებოდა, როგორც მინიმუმ პარტიული წარმომადგენლებისთვის“ - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, საგარეო უწყებამ ამ ტექნიკური პრობლემების შესახებ ცესკო-ს აცნობა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას დამოუკიდებლად ძალიან გაუჭირდება უზრუნველყოს გამართული და რაც მთავარია, უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ამასთანავე, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთში არჩევნები ისე ჩატარდა, რომ ფედერაციას საქართველოსთვის უბნების გასახსნელად არ მიუმართავს.

















