ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად იკლებს.
ამის შესახებ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, სადაც იგი მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
ივანიშვილის განმარტებით, იმ ადამიანების უმრავლესობამ, რომლებსაც თეორიულად მაინც შეიძლებოდა ეს კანონი შეხებოდა, საპენსიო ასაკს უკვე მიაღწია.
"საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ლუსტრაციის კანონის მოქმედების სფეროში პოტენციურად მოხვედრილ ადამიანებს ასევე 20 წლით მოემატათ ასაკი. გარდა ამისა, საქართველოს მიერ გადატანილი სამოქალაქო ომების გამო, მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია. ამ მიზეზით რთულდება როგორც შესაბამისი ბრალდებების წაყენება, ისე თავის მართლებაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად იკლებს", - განმარტავს ბიზნესმენი.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის და ამ ეტაპზე, უფრო მნიშვნელოვანი არსებული ხელისუფლების სამართლიანი არჩევნების გზით შეცვლაა.

















