თელავში შეკრებილ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სიტყვით მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა მიმართა.
იგი კახეთის მოსახლეობას კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ იგი საამაყო და ღირსეული პიროვნებაა.
გივი ბერიკაშვილის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მთელი საქართველო მხარს ივანიშვილს უჭერს.
გივი ბერიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა ვუთხრა მას, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადა და ჩემი ქალიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა, ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცი, რისთვის მოდის და რისი გაკეთება უნდა. მადლობას ვუხდი მას, რომ ეს ნაბიჯი გადადგა და ამ ორომტრიალში ჩაერთო“- განაცხადა ბერიკაშვილმა.
თელავში შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა და პოეტმა დავით მაღრაძემაც მიმართეს.

















