მმართველი პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე საზოგადოების მხარდაჭერა ხელისუფლების კურსის წარმატების
კიდევ ერთი გამოხატულება იყო.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, მოახლოებული არჩევნების შემდეგ, საქართველო უკეთესი ქვეყანა უნდა გახდეს – უკეთესი ჯანდაცვით, დასაქმებით, სოფლის მეურნეობით და მეტი რეალიზებული პროექტით.
„ყრილობაზე იყო საუბარი ამ ყველაფერზე და ჩვენი ომახიანი სიტყვა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ გაიგო"–განაცხადა წერეთელმა.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანა უკან, წარსულში არ დაბრუნდეს და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მეტი სარგებელი მიიღოს.
„ყველამ დაინახა, რომ ჩვენ, ჩვენს გუნდთან ერთად ამ კონკრეტული მიზნებისკენ მიგვყავს ქვეყანა"–აღნიშნა მაჭავარიანმა.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის განმარტებით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული და გამარჯვებული სახელმწიფო იქნება, რამდენი მტერიც არ უნდა ჰყავდეს. ამისთვის კი, მისი თქმით, მთავარია, ყველა ადამიანი გამარჯვების ბრძოლისთვის მზად იყოს.

















