საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში „ნაციონალური
მოძრაობის“ ყრილობაზე აღნიშნა, ერთ-ერთმა კანდიდატმა უცხოურ პრესასთან ინტერვიუში უტიფრად განაცხადა - „მე ეს რომ გამეკეთებინა, პუტინი თავს მომაძრობდაო“.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს კანდიდატი, რომლის განცხადებითაც, პუტინი წყვეტს საქართველოში ვინ რა უნდა გააკეთოს.
„წარსულის ყველა სახეს კონკრეტული სახელი და გვარი აქვს. თავისი სახე აქვს გაუცემელ და და გაყინულ 14 ლარიან პენსიას. გინდათ იხილოთ ეს სახე? მაშინ იხილეთ ჩვენი კონკურენტი პარტიის შემადგენლობა“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ თავისი სახე აქვს წელიწადში 12-ჯერ სეკვესტრირებულ და შემცირებულ ბიუჯეტსაც.
პრეზიდენტის თქმით, თავისი სახე აქვს პანკისის ხეობაში მოთარეშე ბანდებს, ლეკიანობას, ნარკომანიას. ასევე, თავისი სახე აქვს ასლან აბასიძის რეჟიმს აჭარაში.
მისი განცხადებით, თავისი სახე აქვს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს და თავისი სახე აქვს „საკუთარ კარში გოლების გატანის დაჩვეულ ხალხს“.
„რა მნიშვნელობა აქვს შენ კარში გაიტან გოლს თუ მოწინააღმდეგის, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომი - საქართველომ თუ რუსეთმა? მათი გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობა ვერაფერს ხვდება, ლამაზ ოცნებას ამოეფარებიან და ხალხს ყველაფერს დაავიწყებენ, მაგრამ ჩვენი ხალხი წარმოუდგენლად ბრძენია. მან ეს დღეს საქართველოს მტრებსა დ მოყვარეებსაც კარგად დაუმტკიცა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალგაზრდობის პარტიაა, პარტიაში ახალგაზრდების შეყვანა სომბოლურია, რადგან „ხელისუფლება არა მუმიებს, არამედ სწორედ ახალგაზრდებს უნდა გადაებაროს“.

















