საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის პარტია უწოდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა, მმართველი პარტია მხოლოდ ხალხისგან იღებს დავალებებს და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს მათი შესრულება, მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს.
მისი თქმით, პარტია რთულ დავალებებს თავს არ არიდებს და დაარსების დღიდან იღებს დავალებებს.
„პარტიის შექმნის დროს მივიღეთ დავალება, რომ უპურველეს ყოვლისა, ქვეყანა შევარდნაძის კორუმპირებული კლანისგან გაგვეთავისუფლებინა. შეგვეჩერებინა ხალხის ძარცვა და ეს დავალება ჩვენ ყველამ ერთად შევასრულეთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული დავალების შემდეგ ხალხმა მმართველ პარტიას საქართველოს და უპირველესად, ასლან აბაშიძის კლანისგან აჭარის გათავისუფლება დაავალა. აღნიშნულ კლანს კი, - „აღორძინება“ ერქვა.
„ხალხმა ქვეყნის განიავებული ბიუჯეტის შევსება დაგვავალა. ასევე, გაუცემელი ხელფასების, წლობით გაყინული 15-ლარიანი პენსიების და ყოველთვიური საბიუჯეტო სეკვესტრების ეპოქის დასრულება - ჩვენ ეს დავალებაც შევასრულეთ. მაშინ ეს დავალებები ბევრს შეუსრულებლად ეჩვენებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მზად ვიყავით კიდევ უფრო რთული დავალებები მიგვეღო“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხისგან მიღებულ დავალებებს შორის სიბნელის და უშუქობის 15 წლიანი ტანჯვის დასრულება იყო, რომელიც ასევე, შესრულებულია.
პრეზიდენტის განცხადებით, დავალებებში შედიოდა ყაჩაღების, ბანდიტების, თავზე ხელაღებულების თარეშის დასრულება, კორუფციის ამოძირკვა, კანონიერი ქურდებისგან ქვეყნის გათავისუფლება.
„ხალხმა ჩვენს პარტიას ასევე, ნგრევის 30-წლიანი ეპოქის დასრულება დაავალა. დაგვავალეს ქვეყნის შელახული საერთაშორისო იმიჯის გამოსწორება. კიდევ ბევრი დავალება გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ მთავარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზნით რუსეთის ბოლო გაბრძოლებაა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისეთი მხარდაჭერა აქვს მსოფლიოში, როგორც არასდროს და ქვეყანა აუცილებლად ბოლომდე გათავისუფლდება.
მისივე თქმით, მთავრობას კიდევ ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი, ამიტომ პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებთან „გაფორმებულ ხელშეკრულებას“ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად მოაწერა ხელი.

















