საქართველოს პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ აფხაზებისა და ოსების გზა ერთიან საქართველოზე გადის.
ამის შესახებ მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, სპორტის სასახლეში შედგა.
მერაბიშვილმა მთავრობის სამომავალო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გეგმა გულისხმობს უკეთეს ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, სოფლის აღორძინებას, უმუშევრობის დამარცხებას.
„ყველა სოფელს ექნება გაზი, წყალი და გზა. გავაორმაგებთ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. მთავარია, არ დავუშვათ საქართველოს დაბრუნება 90–იან წლებში, კორუფციასა და კრიმინალში“–აღნიშნა პრემიერმა.
მერაბიშვილმა აფხაზებსა და ოსებს მიმართა და აღნიშნა, რომ მომავალში ისინი საქართველოს პროგრესის მოზიარეები იქნებიან, ვინაიდან, მათი მომავლის გზა სწორედ ერთიან საქართველოზე გადის.
„ჩვენ, ქართველები მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ"–განაცხადა მერაბიშვილმა.

















