თელავში დღეს საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა განუცხადა, აქცია ერეკლე მეორეს მოედანზე ჩატარდება და ის 17:00 საათზე დაიწყება.
მისი თქმით, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დილით ადრე დაიწყო, რადგან სამუშაოების დაწყებას ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებამ შეუშალა.
„ჩვენი ოფისი ფაქტიურად, პარალიზებული იყო. ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ მათ მომხრეებს შეეძლოთ შესვლა. სცენის მონტაჟი დილიდან დავიწყეთ“ - განაცხადა სამხარაულმა.
მისი თქმით, მოსამზადებელ სამუშაოებში კახეთის რვავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩაერთვება.
„ქალაქში მოსახლეობის კოლონებს შტაბის ხელმძღვანელები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შემოუძღვებიან. შემდეგ კი, მოედანზე შევიკრიბებით“ - განაცხადა გელა სამხარაულმა.

















