საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხალხის ის რაოდენობა, რომელიც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ყრილობაზე მთელი საქართველოს მასშტაბით შეიკრიბა ისტორიას არ ახსოვს.
ამის შესახებ, მან რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ყრილობაზე განაცხადა.
„ეს არის ძალიან მაგარი ქალაქი, ძალიან მაგარი ხალხით დასახლებული, ძალიან დიდი ტრადიციებით, ეს არის საქართველოს ნამდვილი სიამაყე, ახალგაზრდებით დაწყებული ყველაზე ჭარმაგი ადამიანით დამთავრებული“-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსთავში მთელი საქართველოდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობს, რომელმაც რუსთავის სახით საოცრება შექმნეს.
„რუსთავს 90-იან წლებში გადაშენება ემუქრებოდა, თუმცა ეს არ მოხდა და ახლა რუსთავის დიდი აღმშენებლობა იწყება. მთელი დღეა ჩემს თავს ვეკითხები რამ გამოიყვანა ქუჩაში მთელს საქართველოში ამდენი ხალხი, სხვადასხვა ციფრებს მეუბნებიან, მეუბნებიან რომ მილიონამდე ადამიანია, ასობით ათასი. არასდროს ჩვენს ისტორიაში, არც ეროვნული მოძრაობის დროს, არც ვარდების რევოლუციის დროს ამდენი ხალხი ერთად არ დამდგარა“-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ 1 ოქტომბერი არის რეფერენდუმი იმაზე სურს თუ არა ქართველ ხალხს თავისუფლება და მომავალი.
მმართველი პარტიის ყრილობა ამ წუთებში რუსთავსა და მცხეთაში ერთდროულად მიმდინარეობს. რუსთავში პრეზიდენტთან ერთად პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილიც იმყოფება, რაც შეეხება მცხეთას, იქ მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეა ჩასული.

















