საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის სახელი 2008 წელს მთელმა მსოფლიომ გაიგო და ის უნდა გახდეს
ფერფლისგან აღდგენილი ფენიქსის სიმბოლო.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ფარგლებში გამართულ ყრილობაზე გორში განაცხადა.
„გორის სახელი ყველას ვასწავლეთ, ჩვენდა სამწუხაროდ იმ უბედურების გამო რაც 2008 წელს დაგვატყდა. ახლა ჩემი ამბიციაა, რომ გორი ვასწავლოთ მთელ მსოფლიოს, როგორც სიმბოლო არა მსხვერპლის და ნგრევის, არამედ სიმბოლოდ ფერფლისგან აღმდგარი ფენიქსისა“-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გორი საქართველოს ახალი აღმშენებლობის სიმბოლო იქნება.
„გორი გახდება აღმშენებლობის სიმბოლო, სიმბოლო ახალი საქართველოსი, ახალი, ამაყი, წელგამართული, თანამედროვე ევროპული, წარმატებული ქვეყნისა“-განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი მმართველი პარტიის ყრილობაზე რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა შეკრებილებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ გააცნო.

















