„არავითარი უფლება არ გვაქვს, უკან დავბრუნდეთ და ხელი გავუმართოთ ადამიანს, რომელსაც ჩვენი აშენებულის დანგრევა უნდა.“
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს ბრძოლა კრიმინალთან, რომლის შედეგადაც მთელი საქართველოდან და მათ შორის, ქუთაისიდან კანონიერი ქურდები გაიდევნენ, თუმცა ამით ხელისუფლებამ არაერთი მტერი გაიჩინა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, კანონიერი ქურდები იმერეთის რეგიონის განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდობისთვის მისაბაძი მაგალითები აღარასდროს გახდებიან.
„ვეღარასდროს ნარკომანია ჩვენს ეზოებში ვერ დაბრუნდება, ცუდად სწავლა ვეღარასოდეს იქნება რაიმე კარგის კრიტერიუმი, ვერავინ ვერასდროს დაემუქრება ჩვენს მასწავლებლებს დაჭერით. შეიძლება დაემუქროს, მაგრამ უკან შეჭამოს თავისი სიტყვები. ერთი თმა არ ჩამოუვარდება არც ერთ ქართველ მასწავლებელს, რომელიც ახალი თაობის ახალ მომავალს ქმნიან“-განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქართველ პედაგოგებს ის ემუქრება, ვისაც ხალხის სიბნელეში ყოფნა და კორუმპირებული „მოღვაწეების“ უკან დაბრუნება, ასევე ქართველი ხალხის მტერთან შეკვრა სურს.
პრეზიდენტის თქმით, მისი ხელისუფლება არაკორუმპირებულია და ყველამ იცის, რომ თუ მოპარვა გაბედა, მას „თავი მოძვრება“.

















