საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბათუმში მიმდინარე აღმშენებლობა საქართველოს ნამდვილი ოცნების ასრულებაა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო ახლა ნახტომის მდგომარეობაში იმყოფება.
მისი თქმით, საქართველოში მომხდარი სასწაულის გამო, ქვეყანაში ვიზიტორთა რიგები დგას.
„გუშინ ამერიკელი სენატორები და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი მყავდა სტუმრად. რიგია, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ის სასწაული ნახონ, რომელსაც ვქმნით. ამას საქართველოს ნამდვილი აღორძინება, ნამდვილი ოცნების ასრულება ჰქვია და არა ისეთი, როგორსაც რუსეთი და მისი დამქაშები გვპირდებიან“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უფსკრულს ორი ნახტომით ვერ გადაახტები. ის, ვისაც საქართველოს ნახტომის შეჩერება სურს, მას ქვეყნის იმ უფსკულში გადაჩეხვა უნდა, საიდანაც ვერასოდეს ამოვა.
„საქართველო ახლა ნახტომის მდგომარეობაში იმყოფება. ბათუმი მისი ყველაზე კარგი მაგალითია. ეს ქალაქი დანარჩენი ევროპისთვის იმედია. ჩვენ არა მხოლოდ ამ იმედს არ მოვკლავთ, არამედ განვავრცობთ. ვერავინ ვერასოდეს დაგვაბრუნებენ უშუქობის, ჩაზნექილი სკამების ეპოქაში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მთელი საქართველო ერთ დიდ ბათუმად, ხოლო ბათუმი საქართველოს ეროვნული სულისკვეთების ყველაზე დიდ გამოხატულებად იქცევა.
მისივე თქმით, წელს გოდერძის უღელტეხილის გზის მშენებლობა დაიწყო, რის შედეგადაც მაღალმთიანი აჭარა ჩიხი აღარ იქნება.

















