საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, მმართველის პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ
მოძრაობას“ დღეს ის ხალხი უპირისპირდება, რომელიც „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველოს მართავდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ ხალხს მომავალს აღარ გადააბარებს.
„აქ არიან ბავშვები, რომლებსაც მათ მომავალი უნდა წაართვან, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ასეთი გამოცდილები, ჭკვიანები, გამბედავები, ნიჭიერები, რომ ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ ხელში ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ვაჟა ლორთქიფანიძეებს და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს, ბანდიტებს, სამშობლოს გამყიდველებს. მაგათ სხვა სახელი არ ჰქვიათ და დროა, სიმართლე ვთქვათ. ვეღარავინ ვერასდროს გაძარცვავს ხალხს, ვეღარ აფათურებს ხელს ჩვენს ჯიბეებში და ჩვენი შვილების მომავალს ვერ წაგვართმევს“-აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მომავალი თაობა ამაყ, ლამაზ და განსაკუთრებულ ქვეყანაში იცხოვრებს, რომლითაც მთელი მსოფლიო უკვე აღტაცებულია.
„ყველამ წინ უნდა გავიხედოთ, როგორი იქნება ეს ქალაქი 4, 5, 10 წელიწადში, როგორი იქნება ლაზიკა, თითოეული ჩვენი ოჯახის ცხოვრება 4, 5, 10 წელიწადში. ჩვენ გზიდან ვერავინ გადაგვაგდებს. მივდივართ, წავალთ და მივალთ დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ ბევრნი, ძლიერები, ერთიანები ვართ, არ გვეშინია მტრის ხრიკების და აუცილებლად გავიმარჯვებთ“-განაცხადა სააკაშვილმა.

















