საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლაზიკას მშენებლობას სამეგრელოს გვირგვინად აფასებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის მთავარი კომერციული და მნიშვნელოვანი პორტი - ლაზიკა აუცილებლად აშენდება.
მისი თქმით, ლაზიკა ზუგდიდის გაგრძელება და სამეგრელოს გვირგვინი იქნება.
„ზუგდიდის ცენტრი აუცილებლად გალამაზდება. ვაკეთებთ სქურს და ლებარდეს როგორც თანამედროვე კურორტებს. ტობა-ვარჩხილის ტბასთან გზას მივიყვანთ და ტურისტულ ადგილად ვაქცევთ. როგორი ლამაზია სამეგრელო და სანამ კლიპი არ გავაკეთეთ, ქართველების უმეტესობამ და მსოფლიომ ამის შესახებ არაფერი იცოდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ადრე მხოლოდ ავტომაგისტრალზე დადიოდნენ და სამეგრელოს წარმოუდგენელი სილამაზის სანახავად გვერდით არავის გადაუხვევია.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლა სამეგრელო მთელი ბრწყინვალებით დანარჩენ საქართველოს და მთელ მსოფლიოსაც წარმოუდგება.
„ჩვენს მოწინააღმდეგეებს სურთ თბილისს შენობები დაუნგრიონ. ასევე, უნდათ ქუთაისს და დასავლეთ საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამეგრელოს ლაზიკა წაართვან“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მათ რა არეულობაზეც არ უნდა ილაპარაკონ მაინც არაფერი გამოუვათ.

















