საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის პრობლემები, თუმცა ქვეყნის განვითარებისათვის უამრავი რამ კეთდება.
როგორც სააკაშვილმა ზუგდიდში მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ყრილობაზე განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის გეგმები კვლავ დიდია.
„ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრ სოფელში არ მისულა გზები, გული მომიკვდა როცა ჩხოროწყუში გაურემონტებელი სკოლები ვნახე. ჯერ კიდევ ბევრგანაა სოციალური გაჭირვება, ჯერ კიდევ ბევრგან ვერ მივიდა სოფლის მეურნეობის ტექნიკა, მაგრამ ხომ იძახდნენ, რომ ვერ ააშენებენ ას საავადმყოფოს და პროგრამა ჩაუვარდებათო. პროგრამა არ ჩავარდა, მაგრამ მათ კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - ჩვენ 150 საავადმყოფო ავაშენეთ. ხომ იძახდნენ პენსიებს ვერ გაზრდიან ომის და მსოფლიო კრიზისის გამოო, ჩვენ მაინც გავზარდეთ, მომავალ წელს კი ასდოლარიანი პაკეტი გვექნება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით მნიშვნელოვნად გაიზარდა დაზღვეულთა რაოდენობა და უახლოეს მომავალში, საქართველოში თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება.

















