"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების არანირი რეალური პერსპექტივა არ არსებობს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან და ასევე ქართული მხარის რეაქციასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რეალურად იყო პიარ-ნაბიჯი და სხვა არაფერი. ამას ისიც ადასტურებს, რომ რეალურად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე ჰქონდათ, დაწყებული ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანებით, რომლებსაც როგორც იცით, ვიზა არ სჭირდებოდათ დამთავრებული ნებისმიერი მოქალაქით, რომელთათვისაც ეს პროცედურა ძალიან მარტივი იყო. მათ შეეძლოთ, ნებისმიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრაქტიკულად ხუთი წუთის განმავლობაში საქართველოს ვიზა აეღოთ. ასე, რომ ეს იყო პიარ-ნაბიჯი, რომელიც რეალურად ცხადია, რომ არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ მოიტანს. გასაგებია ის პასუხიც, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იქნა გაკეთებული. ეს იყო სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელი პასუხი, მაგრამ ამ ეპიზოდმა გვაჩვენა ის, რომ არანაირი რეალური პერსპექტივა რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისა - არ არსებობს" - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე შეფასებით - "ის განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა, რომ სანამ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს და დეოკუპაციის პროცესს არ დაიწყებს, მანამ დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება - აბსოლუტურად დემაგოგიური განცხადებაა".
"არაერთხელ მითქვამს, რომ თუ ჩვენ რუსეთთან საუბარი არ დავიწყეთ, თუ რეალური მოლაპარაკებები არ დავიწყეთ, რისი რესურსიც ამ ხელისუფლებას არ აქვს, არანაირი დეოკუპაციის პროცესი, არანაირი სუვერენიტეტის აღიარების და არანაირი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი არ იქნება და ადგილიდან არ დაიძვრება", - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნულის მაგალითად რუსეთ-იაპონია მოიყვანა.
"შემიძლია, ბოლო მაგალითი მოგიყვანოთ: გუშინ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან კურილიის კუნძულებს რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებად აღარ მოიხსენიებს და გამოიყენებს იმ ტერმინს, რომელიც მე საქართველოსთან მიმართებში არაერთგზის მითქვამს. ის გამოიყენებს ტერმინს, რომ რუსეთს კურილიის კუნძულები უსამართლოდ აქვს დაკავებული და ეს გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ კურილიის კუნძულების მომავალ სტატუსთან დაკავშირებით, რუსეთ-იაპონიის მოლაპარაკების ფაზაში ახალი ეტაპის დაწყებით ახსნა. რუსეთის მხრიდანაც საპასუხო განცხადებები გაისმა, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესში სიახლეა და მოლაპარაკებები გაგრძელდება. ასე საუბრობენ ცივილიზებული სახელმწიფოები, რომელთაც რეალური შედეგი უნდათ და არა პიარ-აქციები", - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

















