კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის უმსხვილესი რუსული კომპანია „გაზპრომის“
წილის მფლობელია, სინამდვილეს არ შეესაბამება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „გაზპრომის“ აქციები, რომელიც ბირჟაზე ჰქონდა შეძენილი, დიდი ხნის წინ გაყიდა.
„მე „გაზპრომში“ აღარ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. ამ კომპანიის აქციები ყველა ბირჟაზე იყიდება - დილით შეგიძლიათ იყიდო და ამავე საღამოს რეალიზაცია გაუკეთოთ. ეს არის ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც ბირჟებზე იყიდება. ოდესღაც, 7 წლის წინ ვთქვი, რომ მქონდა ერთი პროცენტი. დიდი ხანია მისი რეალიზაცია მოვახდინე და საკმაოდ სარფიანად გავყიდე“-განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია შეგნებულად ვრცელდება, თუმცა ამის არც ამერიკელებს და არც ქართველებს აღარ სჯერათ.
კოალიციის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთში მას ბიზნესი აღარ აქვს და ამ ფაქტმა სენატორი მაკკეინი, რომელსაც ივანიშვილი ორი დღის წინ შეხვდა, განსაკუთრებით გაახარა.
ივანიშვილის მიერ რუსეთში ბოლო აქტივების გაყიდვის შესახებ რუსული მედიაც იუწყება. სააგენტო „ინტერფაქსი“ კომპანია „უნიკორზე“ დაყრდნობით აცხადებს, რომ აგროსამრეწველო კორპორაცია "Стойленская нива“-ს ამერიკული საინვესტიციო ფონდი Arco International Group ყიდულობს.

















