საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ქალაქ ზუგდიდში დაესწრება.
პრეზიდენტს ზუგდიდში ამ წუთებში ელოდებიან.
მმართველი პარტიის ყრილობა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს 11 ქალაქში დღის სხვადასხვა მონაკვეთში გაიმართება.
ღონისძიება თბილისის გარდა ყველა რეგიონში ღია ცის ქვეშ მოეწყობა. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ამომრჩეველთან შეხვედრას მმართველი პარტიის ხელმძღვანელები სპორტის სასახლეში გამართავენ.
ღონისძიებები კულტურული ნაწილით დაიწყება, რის შემდეგაც მოსახლეობას მმართველი პარტიის ლიდერები მიმართავენ.
გარდა პრეზიდენტისა, პარტიის წინასაარჩევნო ყრილობებს რეგიონებში პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეც დაესწრებიან.

















