„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს თერთმეტ ქალაქში დღეს წინასაარჩევნო პარტიულ ყრილობას გამართავს.
პარტიის პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ყრილობა სხვადასხვა ქალაქში დღის სხვადასხვა მონაკვეთში ჩატარდება. თბილისში ღონისძიება სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება, რეგიონებში კი, ყრილობა ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი.
პრესსპიკერის თქმით, ყრილობაზე დამკვირვებლის სტატუსით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან მიწვეული.
ღონისძიებები კულტურული პროგრამით დაიწყება, რის შემდეგაც მხარდამჭერებს და აქტივისტებს პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ. დამსწრეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამას - „მეტი სარგებელი ხალხს“ გააცნობენ.
პრესსპიკერმა განმარტა, რომ ყრილობის ხარჯები „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ფონდიდან დაფინანსდება.
„ღონისძიების ყველა ხარჯი გამჭვირვალე იქნება და წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მხარდამჭერების ტრანსპორტირებას თვითონვე ვუზრუნველვყოფთ. რამდენიმე რეგიონში კონკრეტულ სატრანსპორტო ორგანიზაციებთან ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. ბუნებრივია, ეს ხარჯები აისახება იმ გამჭვირვალე ფინანსურ ანგარიშში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

















