დევნილების უმრავლესობას სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის
პრობლემას გადაწყვეტს.
ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი საზოგადოების საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში, რომელიც მედიას დღეს საბჭოს ხელმძღვანელმა გოგი ფაცაციამ გააცნო.
როგორც ფაცაციამ აღნიშნა, საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემო არაადეკვატური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა, რაც არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას ახორციელებს, ხოლო პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების სამსახურიდან დათხოვნა, ფიზიკური ანგარიშსწორება და უკანონო დაპატიმრება ყოველდღიურ რეალობად გადაიქცა.
„ნებისმიერი შეღავათი, მათ შორის, დასაქმების შესაძლებლობა დევნილებს ხშირად პოლიტიკური ლოიალობისთვის ეძლევათ. ე.წ. ზონდერჯგუფები, უმეტესწილად დევნილების უსახსროდ დარჩენილი ოჯახის წევრებისგან კომპლექტდება. გარკვეულ საფასურად, შეღავთებისთვის ან მუქარით მათ თანამოქალაქეებთან დაპირისპირებას და უკანონობის ჩადენას აიძულებენ“-ნათქვამია განცხადებაში.
ფაცაციას თქმით, ხელისუფლებამ დევნილთა მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და სოციალური მდგომარეობის მოსაგვარებლად დღემდე არაფერი გააკეთა.
„ხელისუფლების მუდმივი აგრესიული რიტორიკის, გაუაზრებელი და წინდაუხედავი პოლიტიკის გამო, დღესდღეობით სამშვიდობო მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ აქვს. მან ვერც ომის პრევენცია შეძლო და ვერც მოსახლეობის დაცვა“-აღნიშნა ფაცაციამ.
მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ საკოორდინაციო საბჭო აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნების“ ოფისში აკეთებს, ვინაიდან, მისივე თქმით, ეს სწორედ ის ძალაა, რომლისაც დევნილების უმრავლესობას სჯერა.
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი საზოგადოების საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მათი ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

















