პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია სამუშაო დროის ხანგრძლივობის, დასვენებისა და შესვენების დროებში ცვლილებების შეტანის საფუძველზე, საქართველოს მიერ დასაქმებულთა დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
მისივე თქმით, შრომის კოდექსი მკაცრად უნდა არეგულირებდეს დასაქმებულთა სამუშაო დროს. ის ცვლებები, რომელსაც აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს, დაარეგულირებს ურთიერთობას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ხოლო საქართველოს შრომის კანონმდებლობას, თავსებადს გახდის ევროპულ სტანდარტებთან.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოწესრიგდება ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება, დამსაქმებელს დაეკისრება სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება, მოხდება არასრულწლოვანთა შრომის რეგლამენტირება და ცვლებს შორის შესვენების ხანგრძლივობის განსაზღვრა.
ბექა ნაცვლიშვილს დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს.

















