საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - ამბასადორიალის დასკვნითი დღე
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნა.
ამბასადორიალზე ამ წუთებში სიტყვით გამოდის აშშ-ს საელჩოს დესპანი, სავაჭრო და ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჯონ ბრაიდენ ტაინი, რომელიც ქართულ დიპლომატიურ კორპუსს ინვესტიციების მოზიდვის საკითხთან დაკავშირებით გამოცდილებას უზიარებს.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტის შედეგები.
„დესპანმა თავის გამოსვლაში ელჩების წინაშე ნატო დაახასიათა, როგორც საქართველოს სახლი, სადაც ჩვენი ქვეყნის ადგილია“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გეგა მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, ფორუმზე გზავნილი გაკეთდა ასევე რუსეთის მიმართ და აღინიშნა, რომ თუ ვინმეს ეგონა, რომ შეძლებდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ნებისმიერი ეს მცდელობა ჩავარდა.
ამბასადორიალი მუშაობას დღეს დაასრულებს. დღის განმავლობაში დაგეგმილია ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, ასევე ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებსა და ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებზე მსჯელობა.

















