მიმდინარე თვის მეორე ნახევარში, საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა მისია ეწვევა, რომელიც სასაზღვრო მენეჯმენტს და სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.
როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველო მიიღებს იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მისაღწევად 2013 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ 2013 წლის ბოლოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მივაღწიოთ“ - განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა საქართველოს სახელმწიფო უწყებების მზადყოფნა უვიზო მიმოსვლისთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სამუშაოებია გასაწევი ევროპის სახელმწიფოების შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, რომლებიც, როგორც წესი, მსგავს საკითხებს ძალიან სკეპტიკურად უყურებენ.

















