საქართველომ რუსეთთან „ღია ცის“ ხელშეკრულების შეჩერების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ მისი დარღვევის გამო მიიღო - ამის შესახებ საქართველოს პირველმა დიპლომატმა გრიგოლ ვაშაძემ,
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციამ უნდა ისწავლოს ძალიან მარტივი რამე, რასაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დაწყების მეორე დღესვე გვასწავლიდნენ, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულდეს. სამწუხაროდ, რუსეთს ეს არ ესმის“-განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, საქართველო დიდხანს ითმენდა რუსეთის პროვოკაციულ, აგრესიულ, სამართლებრივად დანაშაულებრივ და ცალმხრივ შესწორებას ამ ხელშეკრულებაში, იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან 10 კილომეტრზე ახლოს მისვლა არ შეიძლება, რადგან რუსეთი მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად მიიჩნევს.
ვაშაძის განცხადებით, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს მოლაპარაკებებს ჩვეულებრივი იარაღის შეზღუდვაზე ევროპაში და უკვე არსებული ნდობის გამტკიცებისკენ მიმართულ ხელშეკრულებას.

















