ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე გადარჩენილი წევრი
ხელისუფლებას ე.წ მოდულის შენობაში ჰყავს.
როგორც არეშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომელთა შორის მომლაპარაკებელიცაა, მეტსახელად „ცალხელა აჰმედი“.
არეშიძის შეფასებით, აღნიშნული პირები ხელისუფლებას საჭირო ინფორმაციის მისაღებად ესაჭიროება.
რაც შეეხება ჯგუფის სხვა გადარჩენილ წევრებს, არეშიძის ინფორმაციით, ოთხი მათგანი სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.
„ცოტა ხნის წინ, პანკისში ერთ-ერთმა მათგანმა დარეკა და თქვა უკვე სირიაში ვართო“ - განაცხადა არეიშიძემ. თუმცა, მას სირიის ვერსია არასარწმუნოდ ეჩვენება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით საქართველო-დაღესტნის საზღვარზე დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც მძევალთა სამი ჯგუფი აიყვანა. სპეცოპრაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა 11 დივერსანტი. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო.

















