საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობის წევრებს სამინისტროებში არსებული რეგულაციების შესწავლა და მათი გამარტივება დაავალა.
როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მერაბიშვილმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობამ თავისი მუშაობით, საკანონმდებლო დონეზე ძალიან ბევრი ბიუროკრატიული დაბრკოლება შექმნა.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მაგალითი ტყის რესურსების მართვის საკითხია.
„მეგონა და ყველა ფიქრობდა, რომ ეს საკითხი იყო ძალიან გამარტივებული, მაგრამ ვნახეთ, როგორი ბარიერებია დღეს დაწესებული ხე-ტყის მოჭრაზე. გთხოვთ და მოგიწოდებთ, გავიაროთ ჩვენს სამინისტროებში არსებული რეგულაციები და მათი გამარტივების გზით წავიდეთ“- მიმართა მერაბიშვილმა მინისტრებს.
სხდომაზე მთავრობის წევრებმა ახალი სახელმწიფო დაზღვევის სისტემის, პირუტყვის უფასო ვაქცინაციის, სასაოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
მერაბიშვილმა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელის შემშლელი ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

















