„ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ აქამდეც, არაერთხელ, საერთაშორისო საზოგადოების
მხრიდან, კონკრეტული და გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენ, არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ტიპის შეფასებები და კრიტიკაც. თუ დააკვირდებით, ის პოლიტიკოსები, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ვინც კრიტიკას გამოთქვამს და აქტიურობს, არ მალავენ, რომ ღიად არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აქამდეც, არაერთხელ, კონკრეტული და გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყოფილა მსგავსი ტიპის შეფასებები და კრიტიკაც, თუმცა, ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მიკერძოება სახეზეა. რეალურად კი საქართველოს აქვს ინტენსიური და ყველაზე მაღალი ხარისხის თანამშრომლობა ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებთან, საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„2012 წლიდან დავიწყებ და მათ შორის, ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო სენატორი ბატონი რიში, 2012 წლის დეკემბერში წერილობით მიმართავდა ჩვენს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მოუწოდებდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მეტსაც გეტყვით, ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები აქტიურობენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მართლაც მხარს უჭერენ და საქართველოს კარგი მომავლით არიან დაინტერესებული, მაინც უნდა ითქვას, რომ მათი მხრიდან პოლიტიკური მიკერძოებულობა სახეზეა. როცა ხელისუფლება მოქმედებს და მართავს ქვეყანას, ყველაზე კარგი მხარდაჭერა ჩანს მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები საქართველოს მუდმივად, ყველა მიმართულებით მხარს უჭერს, ფინანსურად ეხმარება და აძლიერებს მას თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით. მხარდაჭერა ყველაზე მეტად ჩანს საქმეში და ურთიერთობაში და მინდა გითხრათ, რომ როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ისე ნატოს წევრ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს აქვს ინტენსიური და ყველაზე მაღალი ხარისხის თანამშრომლობა“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

















