„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) კვლევების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ განუცხადა.
ბოკუჩავას თქმით, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 60% მიიჩნევს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა სწორედ ისა, რომ საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“-განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 63% მხარს უჭერს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის გადაწყვეტილებას; ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ კი, მოსახლეობა მხარს ცალსახად არ უჭერს.
„იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ხელს შეუწყობს ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ამოცანაა. ჩვენთვის უცნაური და შემაშფოთებელია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდშიც განაგრძობს ისეთი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების დისკრედიტაციას, როგორიცაა NDI და IRI “ - განაცხადა ბოკუჩავამ.

















