ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს გიორგი ბოკერიას დღეს სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესში პროგრესისა და რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ვითარება განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე, შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას და არაღიარების პოლიტიკას. ხაზი გაუსვეს 1 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი ესწრებოდნენ.
დღესვე, ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. დაგეგმილია სენატორების ბათუმსა და მესტიაში ვიზიტი.
აშშ-ს სენატორთა დელეგაცია, რომელშიც სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი შედიან საქართველოს დღეს ეწვია.
საქართველოში სენატორების ვიზიტი ორდღიანია და ისინი ქვეყანას 7 სექტემბერს დატოვებენ.

















