საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს მთავრობის კანცელარიაში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს რატუ ინოკე კაბუაბოლას შეხვდა.
როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში მათი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ინოკე კაბუაბოლა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრა-ამბასადორიალში მონაწილეობს.

















