პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ რუსულ კომპანია „გაზპრომსა“ და პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში,
რუსეთში მოქმედ ქართველ ბიზნესმენ მინდია გულუას შორის, საქართველოსთვის გაზის მოწოდების საკითხზე, მოლაპარაკებები შედგა.
ბაღათურიას განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს საზღვრამდე 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის 201 აშშ დოლარად მოტანა იქნება შესაძლებელი.
„მინდია გულუამ უკვე მოახერხა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები შედგა. მას შეუძლია საქართველოში საზღვარზე გაზი 201 აშშ დოლარად მოიტანოს, რასაც 12-13 აშშ დოლარი დაემატება“ - განაცხადა ბაღათურიამ.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, დღეს გაზის შემოტანა (საქართველოს საზღვრამდე) 460 აშშ დოლარად ხდება, რასაც შიდა ქსელებისა და დისტრიბუციის ფასი ემატება.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, გაზის ტარიფი 51 თეთრს შეადგენს. „ქართული დასის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი, ტარიფი 23 თეთრამდე დაიწევს.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს „ქართული დასიდან“ იყრიან. შესაბამისად, „ქართული დასი“ და „განახლებული საქართველოსთვის“ პოლიტიკური პარტნიორები არიან.
რამდენიმე დღის წინ, ჯონდი ბაღათურიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინდია გულუა საქართველოში ტარიფების შემცირების მიზნით, კომპანიების „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (თბილისის წყალი) და „თელასის“ შესყიდვას გეგმავდა. სამივე კომპანიამ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება კატეგორიულად უარყო.

















