საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ დიდი ბრიტანეთის
ელჩთან საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტთან და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან ონლაინ შეხვედრები გამართა.
შეხვედრებისას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში არსებული ვითარება, საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. ისაუბრეს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, უკანონო შეზღუდვების გამკაცრებაზე, უკანონო "ბორდერიზაციაზე", დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა გლობალური გამოწვევის პირობებშიც აგრძელებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ და ბრიტანელმა დიპლომატმა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეს საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საპარლამენტო კავშირებზე საუბარს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნეს.
შეხვედრისას საუბარი აგრეთვე შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან შეხვედრისას, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროსაბჭოს თანამშრომლობის მიმართულებებზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტები საქართველოში“.
ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, რუსეთის უკანონო მოქმედებებს და რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა აღნიშნა.
კრისტიან ურსემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ-19-ის საპასუხოდ გატარებულ ზომებს.

















