საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს 10:00 საათიდან განაახლებს მუშაობას.
ამბასადორიალის მეორე დღეს განსახილველი ძირითადი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და აღნიშნულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკაა.
როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გააქტიურებითაა დაინტერესებული.
„ჩვენ განვიხილავთ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობის როლის გააქტიურება კონფლიქტების მოგვარების საკითხში“ - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ამბასადორიალის ფარგლებში, დღეს ეკონომიკური ბლოკიც იგეგმება, სადაც საუბარი შეეხება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და სხვადასხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში დიპლომატიური წარმომადგენლობების როლს.
დღესვე, 16:00 საათზე დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიმართვა ელჩებისადმი. ასევე, ამბასადორიალის მონაწილეებს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს.

















