საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის შეფასებით, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, სხვა სახელმწიფოებზე
გავლენის მოხდენის პოტენციალი აქვს.
როგორც კაპანაძემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება დაძაბულია.
მისი თქმით, ამის თამამად თქმის შესაძლებლობა არსებობს, რადგან ეს მარტო საქართველოს შეფასება არაა. მისივე თქმით, რეგიონში პრაქტიკულად სამოქალაქო ომის მდგომარეობაა.
„რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ბოევიკები კავკასიის რეგიონშიც იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, რეგიონში ისეთი სიტუაციაა, რომელსაც სხვა სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის პოტენციალი აქვს“-განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკურ უწყებას ამ ეტაპზე არ შეუძლია იმის თქმა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს ან ქვეყნის ეკონომიკას რაიმე ემუქრება.
კაპანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დაჯგუფებები, როგორიც სოფელ ლაფანყურში შემოვიდნენ, საქართველოში ისევ გამოჩნდებიან, ხელისუფლება მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით შესაბამის ზომებს გაატარებს.

















