საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში, ახალგახსნილ ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო.
პრეზიდენტი ადგილობრივებსაც გაესაუბრა და ყურძნის ჩაბარების პირობებით დაინტერესდა.
სააკაშვილის განმარტებით, კახეთის რეგიონში მსგავსი ქარხნების გახსნა მნიშვნელოვანია, აღნიშნული საწარმო კი, ყვარელს „ჰაერივით სჭირდებოდა“.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უცხოეთის ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, ამ მიზნით კი, მან საქართველოს ელჩებს საზღვარგარეთ ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობა დაავალა.
„როგორც კი მდიდარ ქვეყნებში ხალხი ჩვენს ღვინოს დააგემოვნებს, არ არსებობს, რომ მისი ფასი არ გაიზარდოს. ჩემი მიზანია, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ყურძნის ფასი 2 ლარი გახდეს“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ღვინის პოპულარიზაციასა და რეკლამაში ქვეყანას გარკვეული თანხების ჩადება დასჭირდება.
პრეზიდენტმა ადგილობრივებს ხელისუფლების გეგმაც გააცნო, რომელიც საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის აეროპორტში საჩუქრად 1 ბოთლი ქართული ღვინის გადაცემას გულისხმობს.
მისივე თქმით, ყურძნის ჩამბარებელი ქარხნის გახსნის პარალელურად ვენახებიც უნდა გაშენდეს.
ყვარელში მდებარე აღნიშნულმა ქარხანამ ფუნქციონირება ორი დღის წინ დაიწყო. ის „თბილღვინომ“ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ააშენა.

















