საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯებია გადადგმული.ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოსა და შვედეთის
საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სიკორსკიმ აღნიშნა, შთამბეჭდავია, რომ საქართველო ცოცხალი ქვეყანაა და ეკონომიკური პროცესები სწრაფად ვითარდება.
მისი თქმით, ხელისუფლებას საგარეო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს ჩატარებული.
„ეს ნიშნავს საქართველოს სრულ ეკონომიკურ ინტეგრაციას ყველაზე მსხვილ ევროკავშირის ეკონომიკასთან. დღეს ასევე ვსაუბრობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები პოლონეთშიც გვქონდა“-განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, მიმოსვლასთან დაკავშირებით ბიუროკრატიული ბარიერები უნდა დაირღვეს და გადაადგილება გაიოლდეს. მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ საკითხში მთავარია ტექნიკური პირობები სრულად დაკმაყოფილდეს.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მისთვის საქართველოში ჩამოსვლა დიდი პატივია, რადგან ორი ქვეყანა, ასევე საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების აღორძინებას ზეიმობს.

















