საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობა აშშ-ს ახალ ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან ისეთივე მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო იქნება, როგორც მის წინამორბედებთან
იყო - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
რიჩარდ ნორლანდმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გადასცა.
„იგი ძალიან გამოცდილი დიპლომატია და ელჩი რამდენიმე ქვეყანაში იყო, ბოლო მისია კი, უზბეკეთში ჰქონდა“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ყველა ქართველი დიპლომატი, ვისაც ნორლანდთან შეხება ჰქონდა, მას პროფესიონალ, უაღრესად გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ ადამიანად ახასიათებენ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა ისეთივე მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო იქნება, როგორც მის წინამორბედებთან იყო.
„ვცდილობთ, რომ ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები პრეზიდენტს მალე გადასცეს, რის შემდეგაც ის თავისი მოვალეობის შესრულებას სრულფასოვნად შეუდგება. თუმცა, რიჩარდ ნორლანდი უკვე კონგრესმენების დელეგაციასთან ერთად მუშაობს და პრეზიდენტთან შეხვედრაზეც იმყოფებოდა“ - განაცხადა ვაშაძემ.
აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი თბილისში დღეს ჩამოვიდა.

















