საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრის - ამბასადორიალის პირველი ნაწილი დასრულდა.
შეხვედრის მონაწილე დიპლომატები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ამბასადორიალის პირველ ნაწილში განხილული საკითხების შეჯამებისას განუცხადა, გასული წლის განმავლობაში გამოიკვეთა ძალიან ბევრი პრიორიტეტი და ასევე, გამოვლინდა ბევრი ხარვეზი დიპლომატიური კორპუსის მუშაობის პროცესში. შესაბამისად, როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობა ყურადღებას ახალ ინსტრუქციებზეც ამახვილებს.
„გამომსვლელებმა ძირითადი აქცენტები გააკეთეს ახალ პრიორიტეტებზე იმ რეგიონების მიხედვით, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ბევრი ფაქტორის, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის აქტიური პოლიტიკის გათვალისწინებით“-განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საქართველოს გეგმების განსახორციელებლად, სხვადასხვა ქვეყნებში გასაწევ სამუშაოებზე.
ამბასადორიალი სასტუმრო „რედისონში“ ტარდება და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

















