საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იზიარებს საზოგადოების უკიდურეს
აღშფოთებას, გმობს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკას და მას დანაშაულებრივად უპასუხისმგებლოს უწოდებს.
ამის შესახებ საარჩევნო ბლოკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღე უმალავდა საკუთარ მოსახლეობას სოფელ ლაფანყურთან ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობას და ურცხვად ტყუოდა, თითქოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
განცხადების თანახმად, ვრცელდება შემაძრწუნებელი დეტალები დაღუპული თანამოქალაქეების ნათესავებზე მორალური ზეწოლისა და გარდაცვლილთა ცხედრებით მათთან პირდაპირი ვაჭრობის თაობაზე. ავტორთა თქმით, ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივად იწვევს საზოგადოების სამართლიან გაღიზიანებას და აძლიერებს ეჭვებს ისედაც ნდობადაკარგული ხელისუფლების მიმართ.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილს აწყობს, საზოგადოება განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში მუდმივად ამყოფოს და ამ გზით დათრგუნოს მოქალაქეთა თავისუფალი ნება“- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ გარდა ამისა, იმ მწირი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციითაც კი, რასაც ხელისუფლება ავრცელებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება მისთვის ჩვეული სულსწრაფობით მოიქცა და სპეცოპერაცია იმ ვითარებაში დაიწყო, როცა სრულად არ იყო ამოწურული მოლაპარაკების რესურსი და რჩებოდა მსხვერპლის თავიდან აცილების თუნდაც მინიმალური შესაძლებლობა.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მოუწოდებს და კატეგორიულად მოითხოვს იმოქმედოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.
ამავდროულად, ბლოკი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს, რათა მათ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, გააძლიერონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ინტენსიური გახადონ კონსულტაციები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სიღრმისეული განხილვის საგნად აქციონ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები.
საქართველო-რუსეთის საზღვართან სპეცოპერაციის ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.

















