საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ მოსალოდნელი კონკურენციის შესახებ აფრთხილებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის გახსნის დროს განაცხადა, ფოთისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და ისინი ფასების მხრივ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კონკურენციას გაუწევენ.
პრეზიდენტმა „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანია მონოპოლისტი ვერ გახდება.
„ფოთის აეროპორტი რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. მან თქვენ უნდა გაგიწიოთ კონკურენცია და უნდა დაგაწევინოთ ფასები. ამას სპეციალურად გიკეთებთ. მინდა გითხრათ, რომ თქვენ მონოპოლისტები ვერ გახდებით, ჩვენო მეგობრებო. მაგრები ხართ, დიდები ხართ, მაგრამ ხალხს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი ბილეთები. ამიტომ ქუთაისის აეროპორტი მიგახრჩობთ, სანამ არ დაწევთ ფასებს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორსა და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უწყობს, ფასებმა აუცილებლად უნდა დაიწიოს და ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
„მინდა სტუდენტებმა იფრინონ და ფრენა ყველასთვის გამარტივდეს. ჩვენ უნდა ვივაჭროთ და ვიაროთ ყველა მიმართულებით. თქვენ ძალიან მაგარი კომპანია ხართ და ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ თქვენგან. ახლა კი, ჩვენ თავად გაგიწევთ კონკურენციას. სხვა მხრივ კი, მინდა მადლობა გადავუხადო „ტავს“ იმისთვის, რომ ამდენი ადამიანი დაასაქმა“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ფრენების მხრივ თბილისის საერთაშორისო აეტოპორტი რეგიონში ყველაზე დიდი უნდა იყოს.

















