თბილისში ხვალ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიხსნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ამბასადორიალის მიზანია მომავალი წლის გეგმებისა და პრიორიტეტების განხილვა და ცენტრსა და წარმომადგენლობებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ინსტრუქციების გაზიარება, ასევე, სხვადასახვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.
ამბასადორიალზე განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები.
დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, რომლისგანაც შესაბამის დავალებებს მიიღებენ. ელჩები შეხვედრებს პრემიერთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავენ.
ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ონოკე კუბუაბულა.
საქართველოს ელჩებს სპეციალური სტუმრის სტატუსით მიმართავს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით, 6 სექტემბერს ეწვევა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გარდა, ამბასადორიალის მონაწილეები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
ღონისძიება 7 სექტემბერს დასრულდება.

















