„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გურამ ჩახვაძეს საქართველოსადმი ევროკავშირისა და ნატო-ს ინტერესი არ უკვირს.
ამის შესახებ ჩახვაძემ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონისა და ვროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ერთობლივი განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა გაცხადებული სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარეობს, რადგან ქვეყანა აღნიშნული სტრუქტურების წევრი უნდა გახდეს.
„ცხადია, გარკვეული ვალდებულებები უნდა შევასრულოთ, რომ ამ ორგანიზაციების სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. ეს ვალდებულებები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის, სამართლიან არჩევნებს გულისხმობს“ - განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ჩამოსვლა ხელისუფლებისადმი გარკვეული სიგნალია იმის თაობაზე, რომ თუ ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურად არ განხორციელდა, 2014 წელს პრობლემები შეგვექმნება.
„თუ ყველაფერი ნორმალურად განვავითარეთ, 2014 წელი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის გადამწყვეტი იქნება“- აღნიშნა ჩახვაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, ევროკავშირი კი, საკუთარი ვალდებულებების ერთგული იქნება.
ასევე, განცხადებაში საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე და ნათქვამია, რომ არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

















