საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ევროპელი დემოკრატებიდან“ აცნობეს, დავითაია პარიზში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა 5 სექტემბერს გაიმართება.
შერჩევის პროცედურის ფარგლებში დავითაია გაესაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებს მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან და ბოსნია-ჰერცოგოვინადან.
საფრანგეთიდან დავითაია აშშ-ში გაემგზავრება, სადაც „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე სასაუბროდ ამერიკის მაღალი რანგის სახელმწიფო წარმომადგენლებს შეხვდება.

















