„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის,
ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებას და აცხადებს მზაობას, მომავალშიც შეიტანოს წვლილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში.
როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ განმარტავს, ეშტონის და ფულეს განცხადებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არამარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა და გამოთქმულია შეშფოთება იმის შესახებ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თავისი ქმედებებითა და განცხადებებით არჩევნების შედეგების შესახებ ეჭვს აღვივებს.
მმართველი პარტია მოუწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელიც „დღემდე უარს აცხადებს აღიაროს არჩევნების შედეგები, შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ძალადობის, დაძაბულობისა და შუღლის გაღვივებისაკენ და ემსახურება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას“.
მმართველი პარტიის განცხადებით, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა არ უნდა დაუშვან ძალადობა, დაძაბულობა და სიძულვილის გაღვივება. ამასთანავე, ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაემორჩილოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მხარი დაუჭირა ახალ საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის შექმნას და must carry-ის რეგულაციების შემოღებას მედიაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ასევე, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა საერთო ქცევის წესებზე შეთანხმება, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს უარი თქვან ძალადობასა და შუღლის გაღვივებაზე და აღიარონ არჩევნების შედეგები” - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“.
ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა არსებობდეს საარჩევნო კანონისადმი პატივისცემა, დაცული უნდა იყოს სამართლიანობა და კანონი. ყველა პარტიამ და კანდიდატმა მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.

















