საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, ევროკავშირი კი, საკუთარი ვალდებულებების ერთგული იქნება
- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონისა და ვროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ასევე, განცხადებაში საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე და ნათქვამია, რომ არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
„საარჩევნო კანონისადმი პატივისცემა უნდა არსებობდეს, დაცული უნდა იყოს სამართლიანობა და კანონი. ყველა პარტიამ და კანდიდატმა მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მიმართულებით საქართველო პროგრესით ხასიათდება. ასევე, დაიწყო მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.
„ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას შევინარჩუნოთ ტემპი, რათა მომავალ წელს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის მიზანია, სავიზო რეჟიმის გამარტივება წლის ბოლომდე სამოქმედო გეგმის მიხედვით მოხდეს.

















