საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
მან დევნილების პრობლემები მოისმინა და შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საარჩევნო ბლოკის გეგმები გააცნო.
როგორც ივანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, დევნილების მიმართ დამოკიდებულებაში სახელმწიფოს სახე აშკარა ხდება. დღეს არსებული დამოკიდებულება კი, მისი თქმით, ყოველგვარ კულტურას და ცივილიზაციას მოკლებულია.
„ხელისუფლება როგორც გექცევათ, ეს არა მარტო მათი, არამედ მთელი ქვეყნის სირცხვილია, რადგანაც ეს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს. საუბედუროდ, ისინი ჩვენ ავირჩიეთ. ჩვენი პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ არჩევა არ ვიცით“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დევნილთა საკითხებზე კონსულტაციებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასთან გადის.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, პირველ რიგში, დევნილების.
ლიახვის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.

















