ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი აბსურდად მიიჩნევს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, პარტია „განახლებული
საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა კომპანიების - „თელასის“, „ყაზტრანსგაზისა“ და „თბილისის წყლის“ ყიდვას აპირებს.
როგორც ხუხაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, გულუას ჩართვა ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიზნებში შედის.
„გულუა არც არაფერს აპირებს და საერთოდ, რას აკეთებს, თვითონაც არ იცის. ეს ადამიანი პროცესში სავსებით კონკრეტული მიზნითაა ჩართული. მას სურს, როგორმე გაყოს ოპოზიციური ხმები და ამით ირიბად ასრულებს გაურკვეველ სახელისუფლებო ამოცანებს“ - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ სხვა ლოგიკა ბიზნესმენის ბოლოდროინდელ „უცნაურ“ აქტივობაში არ ჩანს.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ გულუას როგორც მატერიალური, ისე ინტელექტუალური და სხვა ტიპის შესაძლებლობები ქართულ სინამდვილეში ძალიან გაზვიადებულია.
„მას არც ერთი, არც მეორე და არც მესამე გააჩნია საკმარისად, რომ ამ ქვეყანაში რაღაცას წარმოადგენდეს“-აღნიშნა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ მისი მხრიდან ამ კომპანიების ყიდვაზე საუბარი აბსურდია.
ხუხაშვილის თქმით, გულუას აღნიშნული განცხადებები არის „დახვავება იმ დაპირებებისა, რომლის შემსრულებელიც არ არის“. ექსპერტის თქმით, ბიზნესმენის ერთადერთი ამოცანაა, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის ხმების წართმევით სააკაშვილს ასიამოვნოს.
„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გულუამ „თბილისის წყლის“, „თელასის“ და „ყაზტრანსგაზის“ ყიდვა გადაწყვიტა. როგორც მან აღნიშნა, ამ პროექტის განხორცილების მიზანი კომუნალური გადასახადის განახევრება და დაგროვილი გასახადების ჩამოწერაა.
„ქართული დასი“ და „განახლებული საქართველოსთვის“ პოლიტიკური პარტნიორები არიან და 1 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად ერთობლივად იბრძვიან.

















