„ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა ოჩიაური საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, პედაგოგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც ხათუნა ოჩიაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მსგავსი განცხადებები მიუღებელია, რადგან პედაგოგები საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილის წარმომადგენლები არიან.
მისი თქმით, ივანიშვილი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, იმ მასწავლებლებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, სამსახურიდან დათხოვნით და პასუხისმგებლობით დაემუქრა.
„ივანიშვილი ჩვენი პედაგოგების მიმართ თავდასხმებს ყოვლად უსაფუძლოდ და უსამართლოდ ახორციელებს. ის პედაგოგებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, შეურაცხყოფას აყენებს, რომ ისინი გაუნათლებლები - უმაღლესი განათლების არმქონე პირები არიან და 300 ლარად იყიდებიან“ - განაცხადა ოჩიაურმა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ასევე, პედაგოგებს დასჯით და დაპატიმრებით ემუქრება. მსგავსი თავდასხმები კი, ყოვლად მიუღებელია, რადგან პედაგოგები ყველაზე განათლებულნი და საზოგადოების ღირსეული ნაწილნი არიან.
„ვაცხადებთ, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რის შედეგადაც, გაგრძელდება ის რეფორმები, რომლებიც განათლების სისტემაშია დანერგილი“ - აღნიშნა ხათუნა ოჩიაურმა.
ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ დღეს ძალიან ბევრია გაყალბების მექანიზმში ჩართული, რომელთა ნაწილს პედაგოგები წარმოადგენენ.
„არჩევნების არცერთ გამყალბებელს, რომელიც ხელისუფლებისგან სანაცვლოდ 300 ლარს იღებს, ამას არ ვაპატიებთ. საფასურად, შეიძლება თავისუფლება დაკარგონ“ - განაცხადა ივანიშვილმა „მაესტროს“ ეთერში.

















